ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ოფიციალური სტატუსი 1973 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა და იგი საზეიმოდ 1974 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა.
ქალაქში ახალი ინსტიტუტის დაარსებას წინ უძღოდა მრავალწლიანი მოსამზადებელი პერიოდი. 1946 წელს ქუთაისში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტი გაიხსნა, რომელიც 1953 წელს საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტად გადაკეთდა. 1968 წელს მას დღის დასწრებული სწავლების განყოფილება დაემატა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
1974 წელს ქუთაისის ფაკულტეტის ბაზაზე პოლიტექნიკური ინსტიტუტი გაიხსნა, რომელსაც 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. უმაღლესი სასწავლებლის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა მსუბუქი, საფეიქრო და კვების მრეწველობის საინჟინრო სპეციალობები. პირველად გახსნილ კათედრებს: ფილოსოფიის, უმაღლესი მათემატიკის, საინჟინრო გარაფიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის, ფიზიკის და გამოყენებითი ტექნიკური მექანიკის კათედრები წარმოადგენდა. მათ რიცხვს თანდათან შემოემატა ელექტროტექნიკისა და საფეიქრო მრეწველობის, კვების ტექნოლოგიის, ეკონომიკის კათედრები. გაფართოვდა და გაძლიერდა სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მსუბუქი მრეწველობის დარგობრივი ლაბორატორიები. გაიხსნა ავტოსაგზაო, საინჟინრო მექანიკის, ელექტროტექნიკის ფაკულტეტები.
1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდება.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წყარო" აწსუ-ს ოფიციალური ვებ-საიტი
No comments:
Post a Comment